Ринопластика | Хуцидзе Вахтанг | Зураб Хурцидзе | Клиника Tscope
 
|   რინოპლასტიკა   |   ვახტანგ ხუციძე „წოპე”    |    ზურაბ ხუციძე   |   სპეციალისტები   |   კონტაქტი   |

  ვახტანგ გალაქტიონის ძე ხუციძის, ბავშვობის მეგობრების მიერ სიყვარულით შერქმეული და საყოველთაოდ ცნობილი ”წოპეს” ოცნება იყო გამხდარიყო მხატვარი, მძერწავი, მოქანდაკე. ყველა მონაცემი ჰქონდა მას ამ ოცნების ასასრულებლად -  მხატვრობის ნიჭი, გადატანილი ქანდაკებაში. მაგრამ... სამამულო ომმა შეცვალა მისი შემოქმედებითი გზა. ქვეყანას საექიმო კადრები სჭირდებოდა და მან გადაწყვიტა გამხდარიყო ექიმი-ქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი.

     ოცნება კი ცხოვრობდა ”წოპეს” გონებასა და სულში. იგი განხორციელდა ოსტატის ნატიფი ხელით სილამაზის, მშვენიერების შეგრძნების, განჭვრეტისა და მისი ხელოვნების ნიმუშამდე აყვანის მოუსვენარი ძიების გზით. დასტაქრის თეორიული ცოდნა, ოსტატობამდე დახვეწილი პროფესიული უნარ-ჩვევები, მშვენიერების ესთეტური განცდა და მისი ცოცხალ სახეზე აღბეჭვდა, გაბედული ექსპერიმენტი - ახდა დიდი ხნის ნალოლიავები ოცნება.

     ეს მოხდა 1956 წელს, როცა უკვე დახელოვნებულმა ოტორინოლარინგოლოგმა პირველმა და პირველად გააკეთა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია - თავისი ულამაზო ცხვირი მას მიანდო ახალგაზრდა მსახიობმა ქალმა, რომელსაც თურმე, მისი გაგებით, სწორედ ულამაზო ცხვირი უშლიდა ხელს წარმატებული სამსახიობო კარიერის შექმნაში. რისკი დიდი იყო, მაგრამ კეთილშობილიც! ახალგაზრდა სპეციალისტმა ბედნიერების განცდა მიანიჭა გალამაზებულ ქალს. ბედნიერი იყო ”წოპეც” - მან გამოძერწა მსახიობი ქალის ლამაზი სახე არა თიხით, არამედ ცოცხლად!

     ეს ოპერაცია გახდა პირველი საფეხური პლასტიკური ქირურგიის ოლიმპისაკენ. ამის შემდეგ ბავშვობაში სახელდებული ”წოპე” გახდა ლეგენდარული ”წოპე”, რომელსაც იცნობს, აღიარებს და პატივს სცემს კოლეგათა სამყარო. ბატონი ვახტანგის შემოქმედებითი ცხოვრება გაჯერებულია 50 ათასზე მეტი გალამაზებული და გაბედნიერებული ადამიანის დიდი მადლიერებით.

     ბ-ნი ვახტანგი იმთავითვე ილტვოდა იდეალისაკენ. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ქირურგებისგან განსხვავებით მან პირველივე ოპერაციებიდან უარი თქვა კანის გარეგან კვეთაზე და პრაქტიკაში დანერგა ესთეტიკური რინოპლასტიკის ენდონაზალური მეთოდი - ცხვირშიდა პლასტიკა კანის გარეგანი კვეთის გარეშე. შემდგომში რინოპლასტიკის ამ მეთოდმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. ბ-ნი ვახტანგი მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებოდა - ის ეძიებდა და სრულყოფდა ესთეტიკური რინოპლასტიკის ისეთ მეთოდებს, რომელიც არ დაარღვევდა პაციენტის სახის ინდივიდუალობას, მის ხასიათს და წარმოიდგინეთ, მის ფიზიოგნომიკასაც კი. ”წოპე” როგორც მხატვარი წარმოიდგენდა ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტის ახალ, ვირტუალურ სახეს და თუ სილამაზის მინიჭებისთვის საჭირო გახდებოდა არა მხოლოდ ცხვირის, არამედ ცხვირის ქვედა მიდამოს ან ნიკაპის კორექცია, ამას იგი უყოყმანოდ აკეთებდა. ეს ხდებოდა პაციენტთან თანამშრომლობის გზით. წარმოიდგინეთ პიგმალიონი, რომელსაც თუ თავისი ნაძერწი არ მოეწონებოდა, მას დაამტვრევდა, მას თიხა არ ენანებოდა. ”წოპეს” კი საქმე ჰქონდა ცოცხალ ადამიანთან, მის ინდივიდუალობასთან, მის კაპრიზებთან, მის ფსიქიკასთან - ყოველივე ეს მოითხოვდა დიდოსტატობას და არა მხოლოდ ქირურგიული თვალსაზრისით!!!

     ბ-ნი ’წოპე’ დიდოსტატი რომ არ ყოფილიყო, როგორ გავრცელდებოდა მისი ხელოვნება 50 ათასზე მეტი გალამაზების მსურველ ადამიანზე - ქალი იქნებოდა თუ მამაკაცი?! ერთხელ მას ესტუმრა ახალგაზრდა უკრაინელი მსახიობი ქალი, რომელსაც უნდა ეთამაშა მითიური ბერძენი ქალის როლი, რაშიც ხელს უშლიდა ტიპიური ”სლავური” აპრეხილი პატარა ცხვირი, როლი კი მოითხოვდა სწორ, ბერძნული ტიპის ცხვირს პატარა კეხითაც კი! წარმატებული ოპერაციის შემდეგ ”წოპეს” უსაზღვრო იუმორი დიდხანს ახალისებდა მის სამეგობრო წრეს.

     ”წოპეს” ოპერაციის არსი მდგომარეობს არა მხოლოდ სახის ცალკეული ნაკვთის ძერწვაში, არამედ მთელი სახის ჰარმონიულობის შენარჩუნებაში. ეს ოპერაცია არის ქირურგი - პლასტიკოსისა და მოქანდაკის ხელოვნების შერწყმის ნიმუში.

     ექიმ ვახტანგ ხუციძეს მრავალი ოპერაცია აქვს ჩატარებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სახის სხვადასხვა ანატომიური წყობის და თავისებური ფსიქიკის ადამიანზე! იგი კოლეგებს უშურველად უზიარებდა თავის ცოდნასა და გამოცდილებას, და უკიდურესად თავმდაბალი, თვითონაც ეზიარებოდა პლასტიკური ქირურგიის მსოფლიო მიღწევებს.

  • 1963 წელი - ექიმი ’წოპე’ თანამშრომლობს ქ. პრაღაში პროფ. ბურიანის სახელგანთქმულ კლინიკასთან. (რინოპლასტიკა)
  • 1965 წელი - ქ. მეხიკოში ექიმი ’წოპე’ ოპერაციას ატარებს პლასტიკური ქირურგიის ცნობილ სპეციალისტთან ალეჰანდრო დელ რიოსთან ერთად. (რინოპლასტიკა)
  • 1967 წელი - იაპონიაში განცვიფრებაში მოჰყავს ექიმი ფუმიო უმეზავა და მისი კოლეგები ცნობილი ”კავკასიური” ცხვირების სასწაულებრივი სახეცვლილების დამონსტრირებისას და ითვისებს აზიური დაბალი ცხვირის პლასტიკას ნეკნის ტრანსპლანტანტით
  • 1970 წელი - საფრანგეთში ექიმი წოპე თანამშრომლობს ცნობილ პარიზელ ქირურგთან და მეგობართან ლუი ვიდალთან. (რინოპლასტიკა, სახის და სხეულის პლასტიკა)
  • 1985 წელი - აშშ-ში ექიმი ’წოპე’ თავის გამოცდილებას უზიარებს პლასტიკური ქირურგიის აღიარებულ სპეციალისტებს - პროფ. ჯონ სინელის კორნუელის უნივერსიტეტის დოქტორებს - რენდოლფ ჰარისსა და რობერტ შურეგერს, საქართველოში ჩამოაქვს და ნერგავს სახესა და სხეულზე ჩასატარებელი ტექნოლოგიას (რინოპლასტიკა, სახის და სხეულის პლასტიკა)
  • 1998 წელი - უზიარებს დახურული რინოპლასტიკის მეთოდებს გერმანიაში ქ. ნიურნბეგში მოღვაწე ცნობილ პლასტიკურ ქირურგებს დოქტორ თომას რიმანსს და პროფ. ნიცშეს, რომლებიც დიდი აღფრთოვანებით ნერგავენ თავიანთ პრაქტიკაში (მასტერ კლასი რინოპლასტიკა)

   ჭეშმარიტად, დიდი ხელოვნება ყოველთვის გადალახავს ყოველგვარ საზღვარს!

  ექიმმა ვახტანგ ხუციძემ, სახელმოხვეჭილმა ”წოპემ” საქართველოში საფუძველი ჩაუყარა პლასტიკური ქირურგიის სკოლას, მას ჰყავს ბევრი აღზრდილი და მიმდევარი. მის კვალს გაჰყვა ვაჟიც - ექიმი ზურაბ ხუციძე - ალბათ გენეტიკურად დაჯილდოვებული მხატვრის თვალით, ცოცხლად მძერწავი ქირურგის ნატიფი ხელით და მამას რომ არ ჩამოუვარდება ისეთი პროფესიონალიზმით!

 

 

|   რინოპლასტიკა   |   ვახტანგ ხუციძე „წოპე”    |    ზურაბ ხუციძე   |   სპეციალისტები   |   კონტაქტი   |