Ринопластика | Хуцидзе Вахтанг | Зураб Хурцидзе | Клиника Tscope
 

     კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ვებ-გვერდზე, რომელზეც გაშუქებულია პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის, კერძოდ კი ცხვირის პლასტიკური ოპერაციის (რინოპლასტიკა) საკითხები. ამ დარგისადმი ჩემი დიდი ინტერესი განაპირობა მამაჩემის, შემდგომში მასწავლებელის და კოლეგის მოღვაწეობამ. საექიმო საქმიანობის დასაწყისში წარმატებული ოტორინოლარინგოლოგი, ვახტანგ გალაქტიონის ძე ხუციძე ექიმი ’წოპე’, სიახლეებისადმი მკაცრი დამოკიდებულებით გამორჩეულ საბჭოთა პერიოდში, ჯერ კიდევ 1956 წელს ბედავს ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის ცხვირის პლასტიკური ოპერაციის ჩატარებას. ესთეტიკური რინოპლასტიკის სიახლე და ’წოპეს’ შეუპოვარი გაბედულება მდგომარეობდა იმ დროს ნაკლებად ცნობილი, დახურული ქირურგიული მიდგომის გამოყენებაში, ცხვირის პლასტიკა  კანის გარეგანი კვეთის გარეშე (ენდონაზალური რინოპლასტიკა). ბ-ნი ვახტანგის ეს მცდელობა დამთავრდა სრული გამარჯვებით - პაციენტის დიდი კმაყოფილებითა და მადლიერებით. ამის შემდეგ, რინოპლასტიკის დახურული მეთოდი დაინერგა მის პრაქტიკაში.

     ამავე ვებ-გვერდზე თქვენ იპოვით ცხვირთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო ინფორმაციას. მაგალითად ცნობილი მოსკოველი კინოდოკუმენტალისტების ლ.ბაქრაძისა და ლ.გურევიჩის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში გამალამაზეთ!” მაყურებელი ეცნობა ორი პაციენტის რეალურ ისტორიას, ერთ-ერთი მათგანი მოსკოველი ახალგაზრდა მსახიობი განსხვავებული მოთხოვნებითა და ამბიციით, მეორე კი - სოფლიდან ჩამოსული ქართველი ქალი, უფრო თავმდაბალი, მაგრამ აღსანიშნავია ორივე ქალის სრული ნდობა ექიმი ”წოპესადმი”. შორეულ 1984 წელს გადაღებული ეს ფილმი დღემდე აქტუალურია, იგი იძლევა საფუძვლიან ანალიზს მიზეზებისა, რომლებიც გვიბიძგებენ შევიცვალოთ გარეგნობა. ფილმი ასახავს ორივე პაციენტის სულიერ მდგომარეობას, განცდებს,  აშუქებს ცნობილი ფსიქოლოგების, მხატვრების, მსახიობების მოსაზრებებს რინოპლასტიკის შესახებ. ნატიფი, ’წოპესეული’ იუმორით გამსჭვალულ ფილმში იკვეთება ფხიზელი თვალით დანახული თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ მაინც იჭვნარევი კითხვა: ”მჭირდება კი მე სხვანაირი ცხვირი?” ეს კითხვა ჩემთვისაც აქტუალურია, ვინაიდან ხშირად ისმის ჩემს პრაქტიკაშიც. იმედია, ამ ფილმის ნახვა მოგანიჭებთ დიდ სიამოვნებას და ამავე დროს მოგაწოდებთ პლასტიკური ქირურგიის მრავალმხრივ პრობლემაზე საჭირო და საინტერესო ინფორმაციას.  

                                                                                                                                         ზურაბ  ხუციძე

                                                                                


    
 





 

რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკა)

     ესთეტიკური რინოპლასტიკა - არის ცხვირის ზომის და ფორმის მაკორეგირებელი ოპერაცია, რომელიც მიმართულია პაციენტის ფსიქოლოგიური კომფორტის შექმნისაკენ. იგი განეკუთვნება პლასტიუკრი ქირურგიის  ერთ-ერთ ყველაზე რთულ და შემოქმედებითი ოპერაციების რიგს, რადგანაც ადამიანის სახეში ცხვირის ცენტრალური ადგილმდებარეობა, მისი რთული ანატომიური ფორმა განსაზღვრავს სახის სახასიათო სურათს და მასში შეტანილი უმნიშვნელო კორექციაც კი უნდა განახორციელოს პლასტიკურმა ქირურგმა, ესთეტმა-პერფექციონისტმა, აღჭურვილმა სათანადო ცოდნითა და პროფესიული გამოცდილებით.

     ჩვენს პრაქტიკაში აუცილებლად გამოიყენება სახის ზოგადი წყობისა და მასთან მისადაგებული ცხვირის ფორმის კომპიუტერული მოდელირება. სხვა შედარებით გავრცელებულ შემთხვევებში პაციენტს ვთავაზობთ მსგავს ფოტოსურათებს ცხვირის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.

     ესთეტიკური რინოპლასტიკის ყველა შემთხვევაში ჩვენი მიზანია მივაღწიოთ სახის ისეთ ჰარმონიულ წყობას, რომ ლამაზი და ბუნებრივი ცხვირის ფორმა არ იწვევდეს ეჭვს ჩატარებულ  ოპერაციაზე.

რინოპლასტიკა - ოპერაციის მოცულობა

     ესთეტიკური რინოპლასტიკა შეიძლება იყოს ზედაპირული (ნაწილობრივი რინოპლასტიკა), მიმართული მხოლოდ ცხვირის ფორმის სახასიათო ექსპრესიის მომატებისაკენ სახის ნაკვთებისა და ინდივიდუალობის შენარჩუნებით. შედეგი: სახის გამომეტყველება ხდება შერბილებური ცხვირის ყველა კონტურის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე.

     ესთეტიკური რინოპლასტიკის სხვა შემთხვევები მოითხოვს ცხვირის ფორმისა და სახის ნაკვთების მნიშვნელოვან ცვლილებებს (მთლიანი რინოპლასტიკა). პროფილის შესწავლისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ცხვირი თავისი ფორმით - სწორი და გრძელი ან კეხიანი ძალიან გამოდის სახის საერთო საზღვრებიდან. წინა პროექციაში - ცხვირის განიერი ზურგი, მსხვილი წვერი, მრუდე ცხვირი და სხვა. სახის წყობაში, ცხვირის როლის გარდა, შეიძლება დავინახოთ გარკვეული დისპროპორცია, რაც მოითხოვს პრობლემის გაანალიზებას და დამატებითი ზომების მიღებას.

     ხანდახან ცხვირის პტარა კეხი იმდენად აკეთილშობილებს სახის გამომეტყველებას, რომ გვიხდება ვამცნოთ პაციენტს ეს სასიხარულო ამბავი, მაგრამ მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა, კეხის მოცილება რჩება ყველაზე გავრცელებულ ოპერაციად.

     ცხვირის წვერის პლასტიკა მიზნად ისახავს ისეთი დეფორმაციის კორექციას, როგორიცაა მსხვილი წვერი, კუთხოვანი წვერი, დაბორცვილი, ძალიან აპრეხილი ან პირიქით დაშვებული წვერი, ასიმეტრიული ნესტოები და ცხვირის ფრთები, ცხვირის ფორმის ასაკობრივი ცვლილებები და სხვა.

     ნაწილობრივი  რინოპლასტიკა - ცხვირის ფორმის შეცვლა, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ გარეგანი ცხვირის ზოგიერთი უბნის დამუშავებით, რაც ყოველთვის არ შეეხება ძვლოვან ქსოვილს (ზედაპირული რინოპლასტიკა).

     მთლიანი რინოპლასტიკა - ეს არის ცხვირის ფორმის შეცვლის ისეთი ოპერაცია, რომელიც შეეხება ყველა ქსოვილს (ძვლოვანს, ხრტილოვანს, რბილ ქსოვილს) და გარეგანი ცხვირის სტრუქტურულ ნაწილებს - სიგრძის შემცირება, კეხის მოცილება, ცხვირის ფართო ზურგის შევიწროვება (ოსტეოტომია), ცხვირის წვერის, ფრთების, ნესტოების პლასტიკა.

     პოსტტრავმული  რინოპლასტიკა - ტარდება ცხვირის ტრავმის შედეგად განვითარებული დეფორმაციის კორექციის მიზნით. დეფორმაცია შეიძლება იყოს წარმოდგენილი  ძგიდის გამრუდებით, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიით, რასაც შედეგად მოჰყვება ცხვირით სუნთქვის დარღვევა. ეს ოპერაცია მიზნად ისახავს არა მხოლოდ კოსმეტიკურ ჩარევას, არამედ ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენას. პოსტტრავმული რინოპლასტიკა (რინოსეპტოპლასტიკა) წარმოადგენს ორ ოპერაციას ერთ ეტაპად: ცხვირის პლასტიკა და სეპტოპლასტიკა. აქ უკვე გამოიყენება არა მხოლოდ ესთეტიკური რინოპლასტიკის, არამედ ოტორინოლარინგოლოგიური მეთოდები. ხშირია ასევე ცხვირის ღრუს თანდაყოლილი დეფორმაციით გამოწვეული სუნთქვის დაქვეითება.

     განმეორებითი  რინოპლასტიკა  (მეორადი  რინოპლასტიკა), რომლის ამოცანაა წარუმატებელი პირველი ოპერაციის შედეგად წარმოშობილი დეფორმაციის კორექცია. ეს ოპერაცია რთულია იმით, რომ ის მოითხოვს სპეციალისტის მიერ პირველადი ოპერაციული ჩარევის შედეგად განვითარებული დეფორმაციის აღმოფხვრას ცხვირის უკვე შეხორცებული ქსოვილის ფონზე.

რინოპლასტიკის  ოპერაციული  მიდგომები

     რინიოპლასტიკის ოპერაციული მიდგომები შეირჩევა ინდივიდუალურად. ძირითადად ოპერაცია ტარდება დახურული მიდგომით, კანის გარეგანი კვეთის გარეშე (ენდონაზალური რინოპლასტიკა). ზოგიერთ შემთხვევებში გამოიყენება ღია მიდგომა. გაუტკივარების მეთოდიც შეირჩევა ინდივიდუალურად: რინოპლასტიკა ღრმა ჩარევით ტარდება ზოგადი გაუტკივარებით; ზედაპირული ჩარევისას მივმართავთ ადგილობრივ გაუტკივარებას ინტრავენური პოტენცირების ფონზე. ზოგადი ნარკოზის შემთხვევაში ანესთეზიოლოგის მიერ ჩატარებულ მანიპულაციებზე დახარჯული დროის გამოკლებით, ესთეტიკური რინოპლასტიკის ხანგრძლივობა უდრის საშუალოდ 1 სთ-ს; რინოპლასტიკა ცხვირის სუნთქვის აღდგენით  გრძელდება საშუალოდ 2 სთ.

რინოპლასტიკა - შესაძლო  რისკები

     მრავალწლიანი გამოცდილება და თანამედროვე მეთოდების გამოყენება საშუალებას გვაძლევს ცხვირის რთული ანატომიური ფორმის არსებობისას წინასწარ დავინახოთ, შევაფასოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ არასასურველი შედეგების აღმოცენების რისკები, უმეტეს შემთხვევებში კი სრულად გამოვრიცხოთ მათი განვითარების შესაძლებლობა.

     ცხვირის ოპერაციები ტარდება დახურული მიდგომით მინიმალური განაკვეთებით, თანამედროვე ნაკლებტრავმატული მეთოდებითა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ხელს უწყობს შეხორცებისა და ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პროცესების სწრაფ განვითარებას.

     წარმატებული რინოპლასტიკა დამოკიდებულია არა მხოლოდ პლასტიკური ქირურგის გამოცდილებასა და ესთეტურ გემოვნებაზე. აუცილებელია წინასაოპერაციო მოსამზადებელ პერიოდში პაციენტმა სრულად დაიცვას ექიმის მიერ მითითებული რეკომენდაციები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ცხვირის შეშუპება, მიღწეულ იქნას უსისხლოდ ჩატარებული ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პერიოდის შემცირება.

     დიდი ყურადღება ექცევა ორგანიზმის წინასაოპერაციო პერიოდში ზოგადი მდგომარეობის შესწავლას, ორგანიზმის შეხორცების ინდივიდუალურ თავისებურებებს, ალერგიული რეაქციების განვითარების რისკს, ფუნქციური კვლევების შედეგების სათუო შემთხვევაში ტარდება პაციენტის ოპერაციამდელი მზადება. ეს ზომები მიმართულია ოპერაციის მსვლელობის და შემდგომი აღდგენითი პერიოდის ხანგრძლივობის შემცირებისკენ.

     ცხვირის ღრუს მთლიანობისა და ცხვირით სუნთქვის დარღვევის ხარისხის შეფასების მიზნით, ასევე ცხვირის ღრუს არქიტექტონიკაზე ესთეტიკური რინოპლასტიკის უარყოფითი ზემოქმედების განსაღვრის მიზნით, შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებით კომპიუტერული კტ-კვლევის ჩატარება.

     ადრეულ ახალგაზრდობის პერიოდში რინოპლასტიკის ჩატარებისას მხედველობაში მიიღება ზრდასრულობის ასაკი - გოგონებისათვის 16-17 წელი, ვაჟებისათვის 17-18 წელი. საორიენტაციოდ რინოპლასტიკა ტარდება 17 წლის ასაკში.

     ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით ნათელი ხდება არსებული პრობლემა, მაგრამ პაციენტს ზოგიერთ შემთხვევებში საკითხის სრულად და სწორად აღქმისათვის ესაჭიროება გარკვეული დრო და განმეორებითი კონსულტაცია.

     ჩვენს პრაქტიკაში შემთხვევათა 30%-ში რინოპლასტიკა ტარდება 40 წლის შემდგომ ასაკში და ცხვირის ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება ძირითადად დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. რინოპლასტიკა ხშირად ტარდება ერთ ეტაპად სხვა პლასტიკურ ოპერაციებთან ერთად სახესა და სხეულზე - სახის კანის ლიფტინგი, ბლეფაროპლასტიკა, ტუჩის, ნიკაპის პლასტიკა, მკერდის ზომის გადიდება და ლიფტინგი, ლიპოსაქცია და სხვა.

პლასტიკური  ქირურგის  კონსულტაცია

     პლასტიკური ქირურგი დიდ ყურადღებას უთმობს კონსულტაციაზე მისული პაციენტის ზოგად დათვალიერებას, კერძოდ კი - განსაზღვრავს ცხვირის ანატომიურ აგებულებას და სახის მოცემულობის მიხედვით აანალიზებს რინოპლასტიკის ჩარევის შესაძლებლობას. ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სპეციალისტი ათვალიერებს ცხვირის ღრუს, შეისწავლის ცხვირით სუნთქვის დარღვევის ხარისხს, ითვალისწინებს რინოპლასტიკის შესაძლო უარყოფით ზემოქმედებას ცხვირის ღრუს არქიტექტონიკაზე, ცხვირით სუნთქვაზე, რამაც შეიძლება მოითხოვოს დამატებითი კომპიუტერული კტ-კვლევა.

     განმეორებითი რინოპლასტიკის (მეორადი რინოპლასტიკის) შემთხვევაში სასურველია პაციენტმა წარმოადგინოს ოპერაციამდელი ფოტოსურათები მომავალი ქირურგიული ჩარევის სწორი ტაქტიკის შემუშავებისათვის.

     უნდა გვახსოვდეს, რომ ცხვირის ტრავმის შემთხვევაში (მაგალითად, ცხვირის ზურგის ახალი მოტეხილობა) საჭიროა დროულად, პირველივე დღეებში პაციენტმა მიმართოს კვალიფიცირებულ სპეციალისტს, რათა თავიდან აიცილოს მომავალში დიდი მოცულობის ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა, სუნთქვის დაქვეითება, არასასურველი ცხვირის ფორმის დეფორმაცია. დროული მიმართვის შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ამბულატორიულ პირობებში და ძირითადად შემოიფარგლება ცხვირის ზურგის ადგილნაცვალი მიდამოს ჩასწორებით, ქირურგიული განაკვეთის გატარების გარეშე.

     რინოპლასტიკის  შემდგომი  აღდგენითი  პერიოდი

     ჩვეულებრივ, ოპერაციისშემდგომი პერიოდი მიმდინარეობს ტკივილის გარეშე. ცხვირის პლასტიკის შემდეგ ცხვირზე 7-10 დღით ვადებთ თაბაშირის ნახვევს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება. სირთულის მიხედვით ცხვირის ოპერაციის შემდეგ გამოიყენება ორი სახის ცხვირის ტამპონი,  ჩვეულებრივი რომელიც ზღუდავს ცხვირით სუნთქვას, რაც პაციენტში იწვევს გარკვეული დისკომფორტის შეგრძნებას და ტამპონი მილით, რომელიც მოშორებამდე ცხვირით სუნთქვის შესაძლებლობას იძლევა.

     პირველადი შეშუპება და ჩალურჯებები თანდათან ქრება ოპერაციიდან 7-14 დღის განმავლობაში, ხოლო უცხო თვალისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველი ნარჩენი კანქვეშა სიმკვრივე (ცხვირის ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პერიოდი) საბოლოოდ ქრება 5 თვიდან 1 წლის განმავლობაში.

     პირველ ხანებში პაციენტმა უნდა შეასრულოს ყველა დროებითი, თუნდაც უმნიშვნელო შეზღუდვა და პლასტიკური ქირურგის მიერ მიცემული ინდივიდუალური მითითებები. პაციენტები გადიან დათვალიერებას ოპერაციიდან 3, 6 თვის და 1 წლის შემდეგ.

     ესთეტიკური  რინოპლასტიკა  და  სხვადასხვა  ერთობლივი  ოპერაციები

     ჩემს პრაქტიკაში, სხვა პლასტიკურ ოპერაციათა შორის პრიორიტეტულ მნიშვნელობას ვანიჭებ ესთეტიკურ რინოპლასტიკას. ოტორინილარინგოლოგიაში მუშაობის გამოცდილება შესაძლებლობას იძლევა ცხვირის პლასტიკის პარალელურად ჩატარდეს ცხვირით სუნთქვის აღდგენითი ოპერაცია, ცხვირის ღრუს ნორმალური არქიტექტონიკის აღდგენა. ხშირად ასეთი ოპერაციის (რინოსეპტოპლასტიკის) აუცილებლობის მიზეზი არის არა მხოლოდ ტრავმული დეფორმაცია, არამედ თანდაყოლილიც.

     ქირურგიული ჩარევის საერთო მოცულობის შეფასების შემდეგ ესთეტიკური რინოპლასტიკა ხშირად ტარდება სხვადასხვა სახის პლასტიკურ ოპერაციებთან კომბინაციაში.

    

     სეპტოპლასტიკა (ცხვირის ძგიდის კორექცია), ხშირად ერთვის ნიჟრის ზომის შემცირება

     ნიკაპის  პლასტიკა (ნიკაპის ზომის გაზრდა, შემცირება)

     ტუჩის  პლასტიკა (ზედა და ქვედა ტუჩის ზომის კორექცია)

     ბლეფაროპლასტიკა (ზედა და ქვედა ქუთუთოების პლასტიკა)

     სახის  კანის  ლიფტინგი (შუბლის, სახის, კისრის კანის ლიფტინგი)

     ლიპოფილინგი (სახის და სხეულის სხვადასხვა უბნების ცხიმით შევსება)

     ოტოპლასტიკა (ყურის პლასტიკა)

     ლიპოსაქცია (სახის და სხეულის სხვადასხვა უბნების ცხიმის ამოტუმბვა)

     მამოპლასტიკა (მკერდის პლასტიკა, მკერდის ლიფტინგი, მკერდის გადიდება იმპლანტანტით)

     აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა)

 

 ხუციძე ზურაბი

 

 

|   რინოპლასტიკა   |   ვახტანგ ხუციძე „წოპე”    |    ზურაბ ხუციძე   |   სპეციალისტები   |   კონტაქტი   |